ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური)
2022-12-08
ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური)
ი6ლია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი 1906-1907 წლებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.
სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში მის მიერ გამოცემულმა გაზეთებმა „საქართველოს მოამბემ“ და „ივერიამ“. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბანკის რესურსი უმეტესწილად საქართველოში სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საქველმოქმედო პროექტებს ხმარდებოდა. მანვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი სკოლა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.
ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში უდიდესი როლი მიუძღვის. მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს: ეროვნულ საკითხებს, ლიტერატურას, განათლებას, თეატრს, ეკონომიკას, სოციალურ-პოლიტიკურ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მის პუბლიცისტიკაში ასახულია ევროპული იდეები, ხედვები, რომელთა გაცნობაც ჟურნალ-გაზეთების საშუალებით მთელი ქართული საზოგადოებისთვის ხდებოდა. მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები თვითმმართველობის, სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, სოციალური წესრიგის, ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, სასკოლო და უმაღლესი განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები საგარეო საკითხებზე, რამაც ქართული საზოგადოება მეტად დააახლოვა დასავლეთსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აღსანიშნია, რომ ევროპელობის, საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ პირველად ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევში გამოჩნდა.